გერმანულ მხარესთან „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა
გერმანულ მხარესთან „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა, ოლაფ ციმელკამ.

აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით გამოყო 40 მილიონი ევრო, ხოლო გრანტის სახით – 3 მილიონი ევრო. თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.