ივანე მაჭავარიანი - 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თუ გადაიხედება, პოზიტიური მიმართულებით გადაიხრება
2020 წელს გაზაფხულიდან მოყოლებული მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი პრაქტიკულად, ყოველთვე იცვლებოდა, იმდენად არაპროგნოზირებადი გარემო შეიქმნა ამ პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არაპროგნოზირებადობა გარკვეულწილად, 2021 წლისთვისაც შენარჩუნდება. ამასთან, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, თუ გადაიხედება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, გადაიხრება პოზიტიური მიმართულებით.
„2020 წელს გაზაფხულიდან მოყოლებული მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (ქვეყნებს მოხედვით იქნებოდა ეს, თუ ჯამურად), პრაქტიკულად, ყოველთვე იცვლებოდა, იმდენად არაპროგნოზირებადი გარემო შეიქმნა ამ პანდემიის პირობებში. ეს არაპროგნოზირებადობა გარკვეულწილად ნარჩუნდება 2021 წლისთვისაც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკვე რამდენიმე ძალიან სანდო და სერიოზული კომპანიის მიერ მოხდა გაცხადება იმისი, რომ ვაქცინა არსებობს, ეს ცოტა მეტ გარკვეულობას გვაძლევს ამ მიმართულებით. მგონია, რომ თუ გადაიხედება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, გადაიხრება პოზიტიური მიმართულებით. ანუ 4.3 პროცენტზე მეტი იქნება. ეს არის ჩემი აზრი და არა მარტო ჩემი, ამას იზიარებენ ის ეკონომისტები და ის წრეები, რომლებიც ალბათ უფრო კომპეტენტურები არიან ამ საკითხში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.