ივანე მაჭავარიანი - დღგ-ს ფიქტიური აქტივების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არავის დანდობა არ იქნება
100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება, უძრავი და მოძრავი. დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა, 150-ზე მეტი შემოწმება დაიგეგმა შემოსავლების სამსახურის მიერ.
„არიან ყოფილი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ყოფილი რამდენიმე ძალოვანი. არავის დანდობა არ იქნება, ვისზეც გამოძიება გავა, აბსოლუტურად ყველა დაისჯება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კითხვაზე, სმენია თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით ფარცხალაძის გვარი, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მხოლოდ მედიიდან.
„საერთოდ იცოდეთ, რომ დღგ – ეს ფიქტიური აქტივები, ამ ქვეყანაში რაც დღგ არსებობს, სულ იყო. დღესდღეობით ევროკავშირში წლიურად დაახლოებით 150 მილიარდი ევრო იკარგება დღგ-ს სხვადასხვა სქემების ფარგლებში. ეს არის საკმაოდ რთული და რისკიანი პოზიცია. აღმოჩნდა ხვრელები, რომლებიც გამოიყენეს ბოროტად. ამაზე სწრაფი და მყისიერი რეაქცია მე არ ვიცი. ბუნებაში რატომ ხდება თაღლითობა თუ მეკითხებით, ბუნებაში თაღლითობაც ხდება, სამწუხაროდ, მკვლელობაც და უამრავი დანაშაულიც. გამოძიების შედეგად დაყადაღებულია ქონება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბოლო გამოძიებამ ეს ბოლო კაპიკამდე ამოიღოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.