ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ აგვისტოში საქართველოში ე.წ. დელტა ვარიანტის შემთხვევები მოიმატებს
აგვისტოში ალბათ კორონავირუსის „დელტა ვარიანტის“ დომინანტობა გვექნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში დიაგნოსტიკა რთულდება, რადგან ნაკლებად ახასიათებს ხველა და ტემპერატურა.
ჩხაიძის თქმით, ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებისას ხშირია თავისა და ყელის ტკივილი.
„კლინიკურ გამოვლინებებს შორის განსხვავება არსებობს. ე.წ. დელტა ვარიანტის შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი გამახვილებულია თავისა და ყელის ძლიერ ტკივილზე, და ცხვირიდან გამონადენზე. ანუ, ტემპერატურა და ხველა ნაკლებად ახასიათებს, რაც ართულებს დიაგნოსტიკის პროცესს.
„დელტას“ გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს – ეს არის შემთხვევების გაორმაგება ორ კვირაში ერთხელ. ალბათ, ჩვენ ძალიან სწრაფად, აგვისტოში გვექნება „დელტა ვარიანტის“ დომინანტობა საქართველოში. ერთადერთი შესაძლებლობა, დღეისათვის რაც განიხილება „დელტა ვარიანტის“ გავრცელების შესაჩერებლად, ეს არის ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის დიდი რაოდენობა. ქვეყანაში თუ ორჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 30-40 პროცენტზე მეტი, მაშინ გარკვეულწილად ეს ვარიანტი არ ვრცელდება სწრაფად. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ შორს ვართ ამ მაჩვენებლისგან. მეორე ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირა უნდა გავიდეს, რათა მივიღოთ სრულფასოვანი იმუნიტეტი. შესაბამისად, დროში ეს პროცესი იწელება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.