ივანე ჩხაიძე - ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო ხშირად სჭირდებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა
ივანე ჩხაიძე - ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო ხშირად სჭირდებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა

ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო ხშირად სჭირდებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახში ბავშვი თუ იზრდება, ამ ოჯახის სრულწლოვანი წევრების პასუხისმგებლობაა, რომ აიცრან, რათა ბავშვი დაიცვან ე.წ. ინდური ვარიანტისგან.

„ე.წ. ინდური შტამი გამოირჩევა ორი ძირითადი თვისებით – არის უფრო იოლად გადამდები და დამახასიათებელია აგრესიული მიმდინარეობა, ვინაიდან განაპირობებს უფრო მეტ ლეტალურ შემთხვევას. ასევე, დამახასიათებელია ასაკობრივი განაწილების შეცვლა. ახალგაზრდებიც და ბავშვებიც ინფიცირდებიან. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ დელტა ვარიანტი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მათ რიცხვში არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ასევე, იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც საავადმყოფოში მოთავსდნენ, მკურნალობას ითხოვენ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. ანუ ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში მიმდინარეობა არის შედარებით მძიმე. უფრო ხშირად სჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება და საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში, უფრო ხშირად სჭირდებათ მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში.

დღეისათვის რაიმე შესაძლებლობა, რომ ბავშვები დავიცვათ კორონავირუსისგან, არ არსებობს. ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში არ მიმდინარეობს. ასე რომ, მხოლოდ მშობლებისა და ოჯახის უფროსი წევრების პასუხისმგებლობა, მათი ვაქცინაცია დაიცავს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს კორონავირუსისგან. თუ ოჯახში იზრდება ბავშვი, ოჯახის ყველა უფროსი წევრის პასუხისმგებლობაა, ჩაიტაროს ვაქცინაცია. სხვანაირად, ბავშვებს ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.