ივანე ჩხაიძე - სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზე მეტად გამძლეა არსებული ვაქცინების მიმართ
სამხრეთ აფრიკული შტამი ყველაზე მეტად გამძლეა არსებული ვაქცინების მიმართ, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ამასთან, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინა ამ შტამზე მაინც მოქმედებს.
„ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში არსებობს, პირველ რიგში, მოქმედებს ჩინურ შტამზე. სწორედ ეს იყო ვაქცინის შემქმნელების მთავარი ამოცანა, როდესაც ეს ვაქცინები პირველი, მეორე და მესამე ფაზის კვლევებს გადიოდა. მაშინ იყო მხოლოდ ჩინური შტამი, რომელმაც დაიწყო პანდემია. ამიტომ ყველა ვაქცინა ჩინური შტამის საწინააღმდეგოდაა შექმნილი. რაც შეეხება შემდეგში გამოჩენილ სხვადასხვა შტამებს, ასეთია რვა შტამი, რომელსაც გარკვეული კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია, დადგენილია რომ ყველა ეს ვაქცინა მოქმედებს ამ შტამების საწინააღმდეგოდ, მაგრამ შედარებით ნაკლები ეფექტურობით. ამ მხრივ, გამორჩევა სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც ყველაზე მეტად გამძლეა ამ ვაქცინების მიმართ, რომლის საწინააღმდეგოდ დღეს არსებული ვაქცინები მოქმედებენ ყველაზე ცუდად, მაგრამ მოქმედებენ.
ამიტომ, ყველა ის მუტაცია, რომელიც მსოფლიოში დაფიქსირდა, ექვემდებარება ვაქცინაციას და ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რომელიმე ახალი შტამი მუტაციის შემდეგ იქნება მდგრადი და რეზისტენტული ვაქცინის მიმართ, მწარმოებლისთვის ეს არის რამდენიმეკვირიანი, 2-3 თვის საქმე, რომ შეცვალოს ვაქცინის ვექტორი და მიმართული გახადოს ახალი შტამის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.