ივანე ჩხაიძე - 1 600-მდე თავისუფალი საწოლია დღეს ქვეყანაში, უკვე დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ყველა პარამეტრი, რომლითაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ფასდება, ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა.
„მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი – 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა 17 აგვისტის და მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება. მნიშვნელოვანია აქტიური შემთხვევების რაოდენობის შემცირება. 21 აგვისტოს ქვეყანაში 61 000 აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი განახევრებულია, მეტიც, 29 000 აქტიური შემთხვევაა ახლა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, სტაციონარების დატვირთვა. 1 600-მდე თავისუფალი საწოლია დღეს, მაშინ, როდესაც 400-მდე თავისუფალი საწოლი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, უკვე დარწმუნებით ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა და ახლა ამ ტალღის ჩამთავრების სტადიაში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდეს სტაბილური შემცირება. ოქტომბრის დასაწყისისთვის შესაძლებელია, 1 000-მდე შემთხვევები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება შესაძლო ახალ ტალღას, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა მოსალოდნელია ნოემბერიდან, თუმცა აუცილებლად იქნება თუ არა მეხუთე ტალღა, ამაზე ახლა საუბარი სწორი არ არის.
„ახალი ტალღა რომ არ მივიღოთ, უნდა შევამციროთ მეოთხე ტალღის მაჩვენებლები. ჯერ მეოთხე ტალღის პერიოდში ვიმყოფებით. ნოემბრიდან რესპირაციული ვირუსების მატების სეზონია. ახალი ტალღა შეიძლება იყოს დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ შემცირებასთან, რაც გამოიწვევს მეტი ადამიანის თავმოყრას დახურულ სივრცეში და გაზრდის ინფიცირების რისკს. გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პერიოდი საქართველოში იწყება ნოემბრიდან. ეს შეიძლება იყოს მეხუთე ტალღა, თუმცა ახლა საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად იქნება მეხუთე ტალღა, არამგონია, სწორი იყოს. ერთადერთი რეალური მიზეზი, რაც შეიძლება, ახალი ტალღის დაწყების მიზეზი გახდეს, არის მუტაცია“, – განუცხადა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს.