ვიდეოპლატფორმა „იუთუბის“ მფლობელმა კოროპორაცია „გუგლმა“ გამოაქვეყნა ის თემები, რომელთა შემცველი ვიდეორგოლების „იუთუბზე“ განთავსება აკრძალული იქნება. მათ შორისაა „კოვიდ-19“-ის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და შეთქმულების თეორია.
ამიერიდან „იუთუბზე“ ვეღარ განთავსდება ვიდეო, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსი არ არსებობს ან ის 5G ქსელით ვრცელდება.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ასევე აკრძალული იქნება ისეთი ვიდეოს განთავსება, სადაც საუბარია კორონავირუსის ე.წ სახალხო მეთოდებით მკურნალობაზე. ასევე ვირუსის შესახებ ისეთი ცრუ ცნობების შემცველი მასალის გამოქვეყნება, როგორიცაა ყალბი ინფორმაცია, რომ „ვირუსის ვაქცინა ან წამალი უკვე არსებობს“.
„გუგლის“ ახალი წესებით, აკრძალული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვადასხვა ქვეყნების ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციების ეჭვქვეშ დაყენება. კერძოდ, საუბარია სოციალური დისტანციის დაცვასა და თვითოზოლაციაზე.
ასევე აკრძალული იქნება მტკიცება, რომ „ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსისგან დაცულია“.
აკრძალული თემების შემცველი ვიდეოები „იუთუბიდან“ წაიშლება. განმეორებით მათი ატვირთვის შემთხვევაში კონკრეტულ მომხმარებლების ანგარიშებს დაბლოკავენ.