იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად 15 ნოემბრიდან გასაუბრებას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ 15-16 და 17 ნოემბერს, საბჭოს წევრები, სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად გასაუბრებას 15 ნოემბრიდან იწყებენ.
ცნობილია, რომ გასაუბრების ეტაპზე 45 კანდიდატი გადავიდა. კანდიდატები საბჭომ სამი ძირითადი კრიტერიუმით შეარჩია. ეს არის იურიდიული განათლება, 5 წლით სპეციალობით მუშაობის სტაჟი და მაღალი რეპუტაცია. დამოუკიდებელი ინსპეტორის ფუნქციაა, დისციპლინარული სამართალწარმოებისას, პირველადი მოკვლევის ჩატარება.
იუსტიციის საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, შემდეგ ეტაპზე გადასულ პირებს შორის ძირითადად ადვოკატები არიან.
„ჩვენ დავგეგმეთ, უკვე ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, თუ არ ვცდები 15:00 საათიდან დავიწყებთ გასაუბრებებს. 45 კანდიდატია გადასული გასაუბრების ეტაპზე. ვვარაუდობთ, რომ გასაუბრებები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს პარასკევისა“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევ კანდიდატებზე იმსჯელეს.