იუსტიციის სამინისტრო - ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების გზაზე
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების გზაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება.
„პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროში; მიგრაციის ეფექტიანი მართვა; ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის რეგულაციებთან; წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და სტაბილურად მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში – ასე აფასებს ევროკომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანგარიში ადასტურებს ქვეყნის წარმატებას ინსტიტუციური დემოკრატიისა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების გზაზე.
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა, დადებითად არის შეფასებული ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მიაღწია; მათ შორის, ის რეფორმები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით ხორციელდება.
დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული პროგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, უვიზო მიმოსვლის დიალოგის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები.
ანგარიშში აღნიშნულია ევროკავშირის სამართლებრივ რეგულაციებსა და სტანდარტებთან დაახლოების პროცესში წინსვლის შესახებ, საუბარია საქართველოს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან.
ვენეციის კომისიის კვალდაკვალ, ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს საკონსტიტუციო რეფორმას. ხაზგასმით არის გამოყოფილი ისეთი მიღწევები, როგორიცაა: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დასრულება; სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება; პროკურატურის სტრატეგიის, ეთიკის კოდექსისა და შეფასების სისტემის შემოღება; მიგრაციის მართვის სფეროში განხორციელებული სიახლეები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში საქართველოს წარმატებას და სტაბილურად მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში; კმაყოფილებით არის აღნიშნული, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.