იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატებს მოუსმინა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმინეს.
კერძოდ, დღეს ლევან კოკორაშვილთან და გენადი მაკარიძესთან გაიმართა გასაუბრება.
გასაუბრების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა კანდიდატმა, გენადი მაკარიძემ განაცხადა, რომ სხვა სამართლებრივ შეკითხვებთან ერთად, იყო კითხვები ძველ და ახალ კანონმდებლობებს შორის განსხვავებასა და უპირატესობებზე.
„სამართლებრივი შეკითხვები იქნა დასმული, მათ შორის ძველ და ახალ კანონმდებლობასთან მიმართებაში, გადახდის უნარიანობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, შრომის კანონთან მიმართებაში. იყო შეკითხვები ძველსა და ახალს შორის უპირატესობაზე. კითხვები იყო საპროცესო კანონმდებლობიდან და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც დღეისთვის რეალურად დგას ამ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გენადი მაკარიძემ, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია.
გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, კანდიდატები შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მზია თოდუას საპენსიო ასაკის გამო უფლებამოსილების ვადა იანვარში ამოეწურა. კონკურსში მონაწილეთა სია 18 კანდიდატისგან შედგება.