იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა ჩააგდო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა ჩააგდო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა, რომ საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, საჯარო გახდეს ის დოკუმენტაცია და პროექტები, რომელიც საჭიროა საკითხის განსახილველად, არ გაითვალისწინა. საბჭოს არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ კოლეგები მის მოსაზრებას გაიზიარებდნენ, რადგან მისი განმარტებით, იუსტიციის საბჭოს საქმიანობის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ეს ცვლილება უფრო გამჭირვალეს გახდიდა საბჭოს მუშაობას.

“საზოგადოების ინტერესი ზოგადად, საბჭოს საქმიანობის მიმართ, არის ძალიან მაღალი. ვფიქრობ, საბჭოს იმიჯი საზოგადოებაში არ არის შესაბამისი და მაღალი სტანდარტის, ამიტომ ჩემი მოსაზრებაა, რომ საბჭოს საქმიანობა გახდეს უფრო მეტად გამჭირვალე და უფრო მეტად გასაგები. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ სხდომას, იყოს უფრო ნათელი. კერძოდ, დღის წესრიგის შინაარსი და მასთან დაკავშირებული მასალები და პროექტები, რომელიც გვაქვს, იყოს საჯარო. ჩვენ ვართ კოლეგიური ორგანო, ვახორცილებეთ ისეთი ტიპის საქმიანობას, რომელიც სასამართლოზე აისახება, შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესი ყველა საკითხთან თუ არა, უმრავლესობასთან დაკავშირებით არის მაღალი. ვფიქრობ, რომ საბჭოს მხრიდან თუკი იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული,  ჩვენზე, საბჭოზე იმოქმედებდა დადებითად”, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება მის მეორე ინიციატივას, სხდომის წერილობითი ოქმების წარმოების შესახებ, საბჭომ მისი განხილვა ორი კვირით გადადო. ნაზი ჯნეზაშვილის ინიციატივაზე უარის არგუმენტად, მისი კოლეგა დიმიტრი გვრიტიშვილი კოლეგიალურ ორგანოებში არსებულ სამუშაო პრაქტიკას ასახელებს და ამბობს, რომ მსგავსი წესი არსად მოქმედებს.

“ჩვენ მოვიძიეთ ყველა იმ დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი წესები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასეთ რეჟიმში წარმართავენ. იყო იქ ნახსენდები, საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არსად არ არის მითითებული, რომ დაწესებულებაში წინასწარ ყველა განსახილველი მასალა იყოს საჯარო და ხელმოსაწვდომი დაინტერესებული პირისათვის. ჩვენი მოტივაცია იყო ასეთი, რომ ვინაიდან საბჭოს მუშაობა არის დინამიური, ხშირად წამოიჭრება ისეთი საკითხები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში არის გადასაწყვეტი. ამიტომ ხშირად ხდება, რომ წინასწარ რამდენიმე დღით ადრე ვერ ხერხდება მასალების სრულად ატვირთვა. გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო აქტი ჩვენ ამ მოთხოვნას არ გვიწესებდა, საბჭოს მოსაზრება იყო რომ, რასაც არ გვთხოვს კანონი, მოდი ნუ გავირთულებთ საქმეს“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.