იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია ნაზი ჯანეზაშვილს არაკვალიფიციურს უწოდებს
კორუმპირებულებს გვეძახით და განცხადებებზე შეიძლება, სარჩელიც კი შევიტანოთ,- ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი შენგელიამ, საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილს, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის განხილვისას.
შენგელიას თქმით, ამ ანგარიშის შეფასებისას ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეებს კორუმპირებული უწოდა.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა მისთვის ჯერ არავის მიუყენებია.
მისივე თქმით, სიმართლისგან შორს არის ჯანეზაშვილის კიდევ ერთი განცხადება სისტემის ჩაკეტილობასთან დაკავშირებით.
„ქალბატონო ნაზი, თქვენ ხართ არაკვალიფიციური. თქვენ ამბობთ, რომ სისტემა არის ჩაკეტილი. ახლა გამოცდებია დანიშნული და გიკეთებთ შეთავაზებას – თუ გამოცდას ჩააბარებ, მე საბჭოს წევრის თანამდებობას დავტოვებ, მაგრამ ვერ ჩააბარებთ. მოსამართლის დანიშვნაში ფულს ვიღებთ? ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩვენთვის და ჩემთვის არავის მოუყენებია“, – განაცხადა შენგელიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებზე კვლევა წარადგინა, რომელშიც სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებზეცაა საუბარი.