იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის ნახვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა იყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის ნახვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი კენჭისყრა იყო გამჭვირვალე პროცესი, რომლის ნახვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს კანონის შესაბამისად და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებილი საკითხები არ არის გაწერილი კანონში, რის გამოც საბჭო ვერ შეაჩერებდა დანიშვნების პროცესს.

„დღეს ღია კენჭისყრის შედეგად ცხრა კანდიდატმა, რომლებმაც მოიპოვეს საბჭოს წევრების შეფასებები, მიიღეს მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ეს კანდიდატები წარედგინებიან საქართველოს პარლამენტს. რაც შეეხება პროცესუალურ დარღვევებს, ვფიქრობ, რომ დარღვევების გარეშე და ღიად ჩატარდა ეს პროცესი. ყველას ჰქონდა საშუალება, ედევნებინა თვალი. შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხება სასამართლოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს კანონში არ არის ასახული. უზენაეს სასამართლოს წევრების არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა არ არის, საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტს შეუძლია, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს თუნდაც პოლიტიკური შეთანხმების გათვალისწინებით. სასამართლო ხელისუფლება და საბჭო მოქმედებს კანონის შესაბამისად. ჩვენ კანონი გვავალდებულებს ამ პროცედურების ჩატარებას, პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით უნდა შევაჩეროთ პროცედურა? არა, ჩვენ კანონი გვავალდებულებს ამას, რომ ეს პროცედურები გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა საბჭომ გაითვალისწინა რაღაცები, მაგრამ შეთანხმების მიხედვით საბჭო ვერ იმოქმედებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ ჰქონოდა უზენაესის წევრების დანიშვნის უფლებამოსილება, შეიძლებოდა, დავფიქრებულიყავით, მაგრამ არ გვაქვს ეს უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში და უკვე შემდეგ პარლამენტმა გაითვალისწინოს ეს შეთანხმება, თუ ეს სურთ. ლევან თევზაძის შემთხვევას ვერ განვიხილავთ, რადგან საბჭოს ერთ-ერთი წევრი საერთოდ არ მონაწილეობდა პროცესში. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, ვის შეუძლია მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და ვის არა. დღეს ის წევრი, რომლის მიმართაც იქნებოდა კითხვები ნათესაურ კავშირთან, არ მონაწილეობდა პროცედურის არც ერთ ეტაპზე. გზირიშვილის შემთხვევა კი სხვა არის და არც ის მონაწილეობს ამ პროცედურაში, განაცხდა და არ მონაწილეობს. არ ვიცი, ვინ ვისი ნათლიაა, მაგრამ საბჭოს წევრებს აქვთ ვალდებულება, თუკი ინტერესთა კონფლიქტია, ამაზე განაცხადონ და მგონი გაკეთდა ასეთი განცხადებები. არც ირაკლი შენგელია, არც გზირიშვილი არ მონაწილეობენ პროცედურაში“,- განაცხადა მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, კენჭისყრა შეიძლება ერთ დღეში ჩატარდეს და დანიშვნას უკვე სხვა პროცედურები აქვს.

„რა მნიშვნელობა აქვს საბჭოს ეს შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას თუ სხვა? რატომ არ შეეძლო ამას მიეღო? ამ შემადგენლობის მიმართ კითხვებია და შემდეგზე არ იქნება კითხვები? ჩვენ ვატარებთ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და ყველას აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, თუ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. ის, რომ მისი ნათესავი იყო საბჭოს წევრი, არ მონაწილეობს არც შეფასებაში არც კენჭისყრაში. ყველა წევრის დასაბუთება არის ღია და შეგიძლიათ ამას გაეცნოთ. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ერთსულოვანია და ყველამ დაუჭირა მხარი კანდიდატებს. მივეცი შეფასება კეთილსინდისიერების სასარგებლოდ. ვფიქრობ, რომ მითიური კლანი არ არსებობს“,- განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღევანდელ კენჭისყრას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საბჭოში ნეპოტიზმია, რის გამოც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა სიას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას კენჭი უყარეს.