იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ექვსი კანდიდატის განცხადებაა შესული
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ექვსი კანდიდატის განცხადებაა შესული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე ამ დროისთვის ექვსი განაცხადია შესული.

მისი თქმით, განაცხადების მიღება მომდევნო კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

„ველოდებით, რომ აქტივობა უფრო მაღალი იქნება ბოლო ეტაპზე”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არ აკონკრეტებს, არიან თუ არა კანდიდატებს შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რადგან კანონის მიხედვით, კანდიდატების ვინაობის გასაჯაროება მხოლოდ საბუთების მიღების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

„საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, პიროვნებების იდენტიფიცირებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ საბუთების მიღების დასრულებას და ეს ინფორმაცია აუცილებლად მეორე დღესვე იქნება საჯარო”, – დასძინა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად მსურველთა განაცხადების მიღება 11 მაისიდან დაიწყო. განაცხადების წარდგენა საბჭოში 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.