თბილისში გამართული მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა გაიხსნა.
სასწავლო ბაზა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კონფერენციაში მონაწილეებთან ერთად გახსნა.
სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა საშუალებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება უნივერსალური და სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება. ცენტრი მოემსახურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს.
ხუთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებულ სააკაძის სასწავლო ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, საკონფერენციო სივრცეები, სამუშაო ოთახები, სპორტული დარბაზი, სარბენი ბილიკები, სიმულაციური სწავლების ცენტრი, სასწავლო სასამართლო დარბაზი, სასწავლო ციხის საკნები, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო ნომრები, სასადილო და სხვა საჭირო სივრცეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, კოლეგა უწყებების წარმომადგენლები, სისტემის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნით დასრულდა მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებულ ინოვაციებს მიეძღვნა.
კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.