იურიდიულმა კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, რითაც ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების წესი განისაზღვრა.
კომიტეტს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. დარახველიძის თქმით, კანონპროექტი მსხვერპლი ქალების მოძალადეებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
„ამ შემთხვევაში ახალი მექანიზმი ინერგება, რაც გულისხმობს ელექტრო მონიტორინგს როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის გადაადგილების. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადის მიმართ ეს მექანიზმი გამოყენებულია და მისი მიახლოება მოხდება მსხვერპლთან, ამას ელექტრონულად გავაკონტროლებთ. შესაბამისად, მოხდება ჯერ მსხვერპლის გაფრთხილება და თუ მსხვერპლი იმ ტერიტორიას არ დატოვებს, მაშინ მოძალადეს მოეთხოვება, შესაბამისი ტერიტორია დატოვოს. ცვლილებების მიზანია, მათი კონტაქტი თავიდან იქნეს არიდებული, რათა შემდეგი გართულებები ავიცილოთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, დარახველიძე განმარტავს, რომ მექანიზმი ძალადობის განმეორების რისკის არსებობის შემთხვევაში იქნება გამოყენებული.
„ჩვენი მიზანია, დავიცვათ მსხვერპლის ინტერესები. ეს მექანიზმი ასეთ შემთხვევებს შეამცირებს, თუმცა ყველა შემთხვევაში განხორციელებული არ იქნება. წინასწარ იქნება რისკები შესწავლილი და მექანიზმი გამოყენებული იქნება ძალადობის განმეორებით ჩადენისას. ეს კანონი მსხვერპლს დაეხმარება, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან. ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულება ექნება მოძალადესაც და მსხვერპლსაც. მათ ტელეფონი თან უნდა ჰქონდეთ და ერთი მეტრის სიზუსტით მოხდება ლოკაციის დადგენა. მიახლოების შემთხვევაში, სიგნალი ცენტრში გადაიგზავნება და კონტროლი მოხდება, რომ მიახლოება არ დავუშვათ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.