იურიდიულმა კომიტეტმა პარტიების დაფინანსების ახალი წესის პროექტს მხარი დაუჭირა
მიიღებენ თუ არა საბიუჯეტო დაფინანსებას პარტიები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში მხოლოდ მაჟორიტარების შეყვანას შეძლებენ, – საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ მხარი დაუჭირა.
დეპუტატების სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის ინიციატივით, ცვლილება უნდა შევიდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის საბაზისო საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვება უნდა შეძლონ იმ პარტიებმაც, რომლებიც 3-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ არჩევნების მოგება რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში მოახერხებენ და შემდგომ პარლამენტში ფრაქციას შექმნიან.
“რადგან 2020 წელს ჩვენ გვაქვს ორი წესით არჩევნები, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული წესით, მიგვაჩნია, რომ ორივე წესი არის ლეგიტიმური და პარტიების ხელშეწყობა ორივე წესით გარკვეული შედეგით უნდა განხორციელდეს. მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებიც, თუ ისინი მოიპოვებენ გარკვეულ რაოდენობას და შექმნიან შემდეგში ფრაქციას, უნდა სარგებლობდნენ იმ ხელშეწყობით, რა ხელშეწყობითაც ისარგებლებს პარტია, რომელმაც პარტიული წესით არჩევნებში მოიპოვა შესაბამის ხმების რაოდენობა” – ამბობს პირველ არხთან საუბრისას ინიციატივის ერთ- ერთი ავტორი გია ჟორჟოლიანი, რომელიც მიიჩნევს რომ ამგვარი დაშვება პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ პირობებში ჩააყენებთ.