იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გამოაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურა უნდა დაწყებულიყო, ეკა ბესელია მასთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხდომის გადადებას ითხოვდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ სასესიო კვირაში კენჭისყრის პროცედურა არ უნდა გამართულიყო. შესაბამისად, მათი თქმით, სხდომის ჩატარება ლეგიტიმური არ იყო.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს დარბაზში გაჩერების საშუალებას მანდატურები არ აძლევდნენ.