იურიდიული კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს
იურიდიული კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმეეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

„ყველა კვალიფიციურ იურისტს ექნება შესაძლებლობა, შეიტანოს განაცხადი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე. პროცესი იქნება მაქსიმალურად საჯარო. კანდიდატებთან გასაუბრება იქნება საჯარო. უზრუნველყოფილია ის, რომ თუკი პირი იქნება საბჭოს წევრი, არ ექნება უფლება, ხმა მისცეს საკუთარ თავს, ანუ გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი. მთლიანობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობს ორი თვის განმავლობაში, ანუ პროცესი არის ხანგრძლივი. როდესაც საბჭოს მხრიდან წარედგინება სია საქართველოს პარლამენტს, პარლამენტში უზრუნველყოფილი იქნება ასევე ხანგრძლივი პროცესი ამერიკული მოდელით, კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაეფუძნება პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის მეორედ მოსმენა, ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდაციების გადმოგზავნის შემდგომ, მისი გათვალისწინების შესაბამისად დაიწყება. კომისიას დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნა, თუმცა რეკომენდაციები მმართველ გუნდს ჯერ არ მიუღია.

„ველოდებით მოსაზრებებს ვენეციის კომისიის მხრიდან, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად დავიწყებთ მეორე მოსმენით აღნიშნული კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს აკრიტიკებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი. მისი თქმით, აღნიშნული ვერსია მოსამართლეების შერჩევის ხანგრძლივ პროცესს მოიცავს.

„კობახიძის ვარიანტი საკმაოდ რთული ვარიანტია, რამდენიმე საფეხურია და საკმაოდ ხანგრძლივი შერჩევის პროცესია. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს არ გამორიცხავს იმ საკითხს, რომ ერთმა ჯგუფმა შეიძლება, დაბლოკოს მოსამართლეები და შესაბამისად, პარლამენტს არ წარედგინოს უფრო გაფართოებული სია. ჩვენი ვარიანტი ითვალისწინებდა იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის უფლებას, წარადგინოს კანდიდატი, რაც შემდეგ საშუალებას მისცემდა იუსტიციის საბჭოს, პარლამენტში გაცილებით უფრო დიდი სია იყოს, ფართო შემადგენლობა და გაცილებით მეტი ადამიანისგან მოხდეს არჩევა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.