იურიდიული კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტში ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატებმა დავით მათიკაშვილისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა იგეგმება – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება.
ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობები დეკემბერში დატოვეს. ამის შემდეგ გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, ხოლო 3 დეკემბერს ის ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.