იურიდიული კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე დღეს იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატებმა დავით მათიკაშვილისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა იგეგმება – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება.
„მოგეხსენებათ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომიტეტს პარლამენტში და არ უნდა იყოს მისი საქმიანობა პარალიზებული. დღეის მდგომარეობით, როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, თავმჯდომარემ და პირველმა მოადგილემ დატოვეს თანამდებობები. არჩეული პირველი მოადგილეც გაწვეული იქნა ფრაქციის მიერ, ასე რომ, რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტი აკისრებს უმრავლესობის ხმებით იურიდიული კომიტეტის მოადგილის მოვალეობის შესრულებას”,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობები დეკემბერში დატოვეს. ამის შემდეგ გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, ხოლო 3 დეკემბერს ის ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.