იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს დეპუტატები მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაბინაშვილთან ძირითადად კითხვები ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ექნებათ, რადგან სწორედ მან მიიღო სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის ტარებასთან დაკავშირებით.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკუთარ პოზიციას, თუ ვინ იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, მას შემდეგ დააფიქსირებენ, რაც ყველა კანდიდატს გაესაუბრებიან.
„დღეს შედგება გასაუბრება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატთან, ბატონ მერაბ გაბინაშვილთან. ჩვენ გვარის ანბანური თანმიმდევრობით ვუსმენთ კანდიდატებს. 10:00 საათზე ჩვენ დავიწყებთ გაბინაშვილის მოსმენას კომიტეტის სხდომაზე“,- განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ კომიტეტზე გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოუსმინეს. ალანიას მოსმენა ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.