იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოუსმინა და მხარი დაუჭირა.
კანდიდატის მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების – იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გასაუბრების პროცესში შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სასამართლოსადმი გაზრდილ მიმართვიანობასა და გადატვირთულობაზე, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატის გაფართოებასა და „ვეტინგის“ სისტემაზე.
ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. კანდიდატის მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.