იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ეს არის ისტორიული შეთანხმება, რომელსაც მაქსიმალური გაფრთხილება სჭირდება.
„მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც გასწიეთ ამ ცვლილებების შემუშავებისთვის. ეს არის ნამდვილად ისტორიული ცვლილებები. ეს არის ისტორიული შეთანხმება და ამ ისტორიულ ცვლილებებს სჭირდება მაქსიმალური გაფრთხილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი, „ქართული ოცნების“ გუნდი 92 პარლამენტის წევრი სრულად დაუჭერს მხარს პლენარულ სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები შემუშავდა სრული კონსენსუნსით და თქვენი როლი ამ ტექსტის შემუშავებაში ამ ტექსტის საბოლოო დახვეწილი ფორმით ჩამოყალიბებაში არის უდიდესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს მადლობა გადაუხადა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მხერდაჭერისთვის.
„სამწუხაროა, რომ ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, ვინც კომიტეტშია წარმოდგენილი, არ იღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა სრულად დაუჭირეს მხარი, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა“, – განაცხადა ანდრი ოხანაშვილმა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს არის მნიშვნელოვანი კენჭისყრა, რომელიც წარმატებით ჩატარდება.
„მადლობას გადაგიხდით, კოლეგებო. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი კენჭისყრა. დარწმუნებული ვარ, ეს კენჭისყრა წარმატებით ჩატარდება და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება დემოკრატიული განვითარების პროცესის კიდევ უფრო სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისკენ. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.