იუნკერი - ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ბრიუსელმა საბიუჯეტო ხარჯები უნდა შეამციროს
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ბრიუსელმა საბიუჯეტო ხარჯები უნდა შეამციროს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის არაფორმარული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მოგვიწევს, შევამციროთ ორი ყველაზე დიდი ევროპული პროგრამა: საერთო აგრარული პოლიტიკა და ევროკავშირის რეგიონების ბალანსირებული განვითარების პოლიტიკა. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ევროკავშირის ყველა დანარჩენი პროგრამის 45%-ით შემცირება მოგვიწევს“ – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების პარალელურად, ევროკავშირის ბიუჯეტში წევრი ქვეყნების მხრიდან დაფინანსება გაიზრდება.
„სამიტზე დისკუსია იმაზე კარგად წარიმართა, ვიდრე ველოდებოდი. 14-15-მა სახელმწიფომ მზადყოფნა გამოთქვა, გაზარდოს შენატანი ევროკავშირის ბიუჯეტში“ – განაცხადა იუნკერმა.