იუნისეფი - მოსახლეობის 11%-მა საყოველთაო ჯანდაცვის არსებობის შესახებ არ იცის
იუნისეფი - მოსახლეობის 11%-მა საყოველთაო ჯანდაცვის არსებობის შესახებ არ იცის

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელს შინამეურნეობების საშუალო წლიურმა ხარჯმა ჯანდაცვაზე ერთ ზრდასრულ პირზე 430.7 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 84 ლარით მეტია.

„რაც შეეხება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების განაწილებას, შინამეურნეობების ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. 2015 წელს შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 43.1%-ის მინიმუმ ერთი ოჯახის წევრს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, რომელზეც ფინანსურად ხელი არ მიუწვდებოდა. ორი წლის შემდეგ, იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობაზე დაბრკოლებები ჰქონდათ, საგრძნობლად შემცირდა და 22.3% შეადგინა. ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობას მიეწეროს,“ – ნათქვამია იუნისეფის კვლევაში.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს.

კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4 697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.