იუმორისტ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
იუმორისტ დავით როსტომაშვილზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულების ბექა კ.-ს, ზურაბ ქ.-ს და არტემი ა.-ს მიმართ.
„წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბექა კ.-მ და ზურაბ ქ.-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ბექა კ.-მ ასევე არაერთგზის. ბექა კ.-ს ასევე ბრალად ედებოდა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. მასვე ბრალად ედებოდა, დაკავების ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ბრალდებულის გაქცევა. ხოლო არტემი ა.-ს ბრალად ედებოდა ყაჩაღობაში დახმარება, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით“, – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მათივე ცნობით, საქმე ეხება, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დავით რ.-ზე თავდასხმის ფაქტს, რა დროსაც ბექა კ.-მ ბეისბოლის „ბიტით“ დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა. ასევე ბრალდებულმა ზურაბ ქ.-მ დავით რ.-ს ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მედალიონი, რის შედეგადაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„არტემი ა.-მ, კუთვნილი ავტომანქანით უზრუნველყო თავდამსხმელების დანაშაულის ადგილამდე მიყვანა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ზურაბ ქ.-ს გაქცევა.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულ ბექა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად,დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზურაბ ქ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო არტემი ა.-ს სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აცხადებენ თბილისის საქალქო სასამართლოში.