იულია სკრიპალი, რომელიც გუშინ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც უსაფრთხოების მიზნით, სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun- ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, უკვე არსებობს იმედი, რომ იულია სკრიპალი შეძლებს გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
შეგახსენებთ, ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი სოლსბერის საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. თავად სერგეი სკრიპალი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შვილთან შედარებით, ნელი ტემპით უმჯობესდება.
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა სკრიპალებზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს.