რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსებისთვის  აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსებისთვის აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთში ჩასვლა რუსებისთვის უსაფრთხო არ არის.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ორ თებერვალს აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი შეუმსუბუქდა და ციხე დატოვა აფხაზეთის მოქალაქემ, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტი ქალის წინააღმდეგ უმძიმეს დანაშაული ჩაიდინა“.

„ნათელია, რომ ეს შექმნის რისკებს უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ჩადიან აფხაზეთის კურორტებზე. იძულებული ვართ, ამის შესახებ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საუბარია 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირის მიერ რუსი ტურისტის გაუპატიურებასა და გაძარცვაზე. 2021 წელს ამ დანაშაულისთვის აფხაზეთში მცხოვრებ ედგარ აბუბხას ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლომ განაცხადა, რომ აბუბხა არასრულწლოვანი იყო და მისთვის 10 წელზე მეტი ხნით პატიმრობის სასჯელი უკანონო იქნებოდა.