იულია ოვჩინიკოვა - რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპები, ახდენს ორგანიზაციის რეგულაციების სრულ იგნორირებას, რუსეთის დარღვევები ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება
მხარს დავუჭერდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივას და იმედს, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას გულისხმობს, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია, როდესაც მეორე მხარე არ ასრულებს ვალდებულებებს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, იულია ოვჩინიკოვამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავენ.
„არც ერთ ქვეყნას არ აქვს უფლება, ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპები დაარღვიოს. სამწუხაროდ, ბოლო ექვს წელიწადში ჩვენ ვიხილეთ მანიპულაციური, ჰიბრიდული ომი, მათ შორის აქ, ევროსაბჭოშიც. ევროსაბჭოს ფუნდამენტური ღირებულებები, ისევე, როგორც საერთაშორისო კანონი, რუსეთმა უხეშად დაარღვია. ევროსაბჭოს აქვს პროცედურები და წესები, რომელთა მიხედვითაც, ასეთ შემთხვევაში წევრი ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილება უნდა გასაჩივრდეს. რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ დაარღვია ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპები, წესები და სრულად ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციის რეგულაციების იგნორირებას. რუსეთის დარღვევები ერთ ქვეყანას და მის საზღვრებს სცდება“, – აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ყველა დარღვევა მკაფიოდ არის აღწერილი ევროსაბჭოს ანგარიშებში.
„რეზოლუციის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად რუსეთის ასეთი ქცევისა, ჩვენ უნდა დავადასტუროთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება. ჩვენ დავუჭერდით მხარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამ ინიციატივას და იმედს, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას გულისხმობს, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი ის გახლავთ, რომ დიალოგი შეუძლებელია, როდესაც მეორე მხარე არ ასრულებს ვალდებულებებს. დიალოგი გამორიცხულია, როდესაც მეორე მხარე გულგრილია წესებისა და ვალდებულებების მიმართ და თამაშობს ჰიბრიდულ თამაშს, რომელიც ძალიან შორს დგას გულწრფელობის, დემოკრატიისა და სამართლისაგან“, – განაცხადა იულია ოვჩინიკოვამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უკრაინის დელეგაციის მოთხოვნით გასაჩივრდა. ამ მოთხოვნას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დელეგაციამ, მათ შორის, საქართველომაც დაუჭირა მხარი. მოგვიანებით მონიტორინგის კომიტეტმა ამ საკითხზე მოამზადა ანგარიში, რომელშიც ავსტრიელი დეპუტატი შტეფან შენახი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენის მიზნით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება უპირობოდ ცნონ.