იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, 17 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ხმა მისცენ პუტინის წინააღმდეგ ან გააფუჭონ ბიულეტენები
იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, 17 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ხმა მისცენ პუტინის წინააღმდეგ ან გააფუჭონ ბიულეტენები

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, 17 მარტს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს პროტესტს შეუერთდნენ და ხმა მისცენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ან გააფუჭონ ბიულეტენები. ამის შესახებ იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „იუთუბით“ გაავრცელა.

ნავალნაიას განცხადებით, მისთვის იმედის მომცემი იყო ხალხის დიდი რაოდენობის ხილვა ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალზე.

„ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ე.წ. არჩევნები გამოვიყენოთ პუტინის წინააღმდეგ და ჩვენი მიზნების მისაღწევად. თავად ალექსეიმ მოასწრო ჩვენთვის ეთქვა, როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არჩევნების დღე, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ და ბევრნი ვართ, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი, ცოცხალი, რეალური ადამიანები და ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ. უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე ერთ დღეს და ერთ დროს – 17 მარტს, შუადღეს. თქვენი ასარჩევია, რა გააკეთოთ შემდგომ. შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ნებისმიერ კანდიდატს, პუტინის გარდა, შეგიძლიათ, გააფუჭოთ ბიულეტენი, შეგიძლიათ, დააწეროთ მსხვილად „ნავალნი“, – განაცხადა ალექსეი ნავალნაიამ.

იულია ნავალნაიას თქმით, ეს არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური.

„ეს ნებისმიერ შემთხვევაში არ არის არჩევნები, პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში არ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 17 მარტს, შუადღეს ჩვენ შეგვიძლია, მივიდეთ და ერთმანეთი დავინახოთ, დავინახოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენ ძლიერები ვართ“,- განაცხადა ნავალნაიამ.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართება.