„იუესაიდის“ მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის სამოქმედო გეგმა განახლდება 
„იუესაიდის“ მხარდაჭერით, საქართველოს ტურიზმის სამოქმედო გეგმა განახლდება 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დონორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან „იუესაიდთან“ მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.

ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

„მოხარული ვართ, რომ დონორი ორგანიზაცია „უიესაიდის“ მხარდაჭერით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რაც შეეხება ტურიზმის სამოქმედო გეგმის განახლებას და ახალ გამოწვევებზე მორგებას. აღნიშნულ პროცესში ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად. შევიმუშავეთ მონახაზი, რომელიც დაგვეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებას, ისევე როგორც ტურიზმში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთიანად განვახორციელოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დასახულ მიზნამდე, რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარებას, მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანას და სწორ პოზიციონირებას საქართველოს, როგორც აქტიური ტურისტული მიმართულება საერთაშორისო ტურისტულ არეალზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოში ტურიზმის განვითარების პრაქტიკული რჩევების გაცემისა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეიქმნა თემატური ჯგუფები: სტატისტიკის, მარკეტინგისა, პროდუქტის განვითარების და სერვისის ხარისხის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უიესაიდის“ უსაფრთხოების პროგრამის მიზანი 2020-2025 წლების ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დახმარების აღმოჩენაა. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ საერთო ძალისხმევით ტურისტული პროდუქტების ტრანსფორმირება მოვახდინოთ და მიზნობრივი ბაზრებიდან საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია, მუდმივად განვაახლოთ, გავაუმჯობესოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტები. ჩვენ ტექნიკურ მხარდაჭერას ვახორციელებთ, ეს მოიცავს საგრანტო პროგრამასაც. ბევრი მექანიზმი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს“, – აცხადებს „უიესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი.