ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორი - კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევით, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორი - კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევით, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინი გრძელიშვილმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ მარეგულირებელთა სიმპოზიუმის ფარგლებში ITU-ს გენერალურ მდივანთან, დორინ ბოგდან მარტინთან და ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორთან, კოსმას ზავაზავასთან შეხვედრები გამართეს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრები ITU-სა და ComCom-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხილვას ემსახურებოდა. მათივე ცნობით, გენერალურმა მდივანმა ეკატერინე იმედაძეს ITU-ს ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რაოდენ დიდი როლი აქვს მას საინფორმაციო და ტექნოლოგიურ სფეროებში ქალთა ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით არსებული ინიციატივების მხარდაჭერაში.

„ITU-ს საქმიანობასა და ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის კომისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორმა, კოსმას ზავაზავამ  და აღნიშნა, რომ საქართველო ITU-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასაყრდენია. მან ასევე განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიის ძალისხმევისა და აქტიურობის შედეგად საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროსა და კომისიის საქმიანობის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ცნობიერება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იყო ITU-სა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები, კერძოდ, საუბარი შეეხო ITU-ს, EaPeReg-ისა და EMERG-ის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა კომისიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.