ITB Berlin-ის დირექტორი - საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით, მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო
ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ბოლო დღეს საქართველოს სტენდთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორს, დებორა რუთს შეხვდნენ. დებორა რუთმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ აქტივობებისთვის, რომლებიც გამოფენის ფარგლებში მოეწყო.
„ეს იყო სანახაობრივი გამოფენა. სამი დღის განმავლობაში მოეწყო საქმიანი შეხვედრები. ეს განსაკუთრებული გამოფენაა, რადგან პანდემიის შემდეგ ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიის ხელახლა შეკრებით დიდი განახლება მოხდა. ამ განახლებისთვის ITB-ზე საქართველოზე უკეთეს პარტნიორს ვერც შევარჩევდით. მოხარულები ვართ, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. საქართველოში მოგზაურობა და შესწავლა ნამდვილად ღირს. ჩვენი გამოფენის შემდეგ, ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ გაიცნო საქართველო და ძალიან ბევრი ეწვევა თქვენს მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა დებორა რუთმა.
ITB Berlin 2023-ზე გამოფენის მთავარი, საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდნენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.