საქართველო ლონდონის WTM 2023 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ლონდონის WTM 2023 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, WTM London 2023 გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.

გამოფენაზე თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.

„მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე სამი დღის განმავლობაში საქართველო წარმოდგენილია საკმაოდ დიდი სტენდით. ლონდონის გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ კომპანიებსა და სასტუმროებთან ერთად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან თბილისის მერია, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს, მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, იპოვონ პარტნიორები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ძალიან დროული და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში საქართველო საკმაოდ მასშტაბურად არის წარმოდგენილი. ძალიან კარგი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ საქართველო და დარწმუნებული ვარ, ამ რამდენიმე დღეში ბევრი ბრიტანული კომპანია აღმოაჩენს საქართველოს უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს“, – განაცხადა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიო ქაცარავამ.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ, გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, იხილონ ვიდეო რგოლები და ინფორმაცია შეიტყონ ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ურთიერთობები დაამყარონ მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.

WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.