იტალიის სენატმა „ანტიმიგრაციული დეკრეტი“ დაამტკიცა. დოკუმენტი ჰუმანიტარული მიზნით თავშესაფრის მიღების წესებს მკვეთრად ამკაცრებს. სადავო დეკრეტს, რომელსაც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი უჭერდა მხარს, ხმა 163-მა სენატორმა მისცა, 59 წინააღმდეგ წავიდა და 19-მა თავი შეიკავა.
სალვინიმ კენჭისყრის შედეგს ისტორიული უწოდა.
პროცედურულად, ახლა დოკუმენტს კენჭი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ უნდა უყაროს. დეპუტატებს დრო ნოემბრის ბოლომდე აქვთ. მმართველ კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ „ანტისაიმიგრაციო დეკრეტს“ წინააღმდეგობა არ შეხვდება.
დეკრეტი ამკაცრებს საიმიგრაციო პოლიტიკას. კერძოდ, ლტოლვილებს პირველ ეტაპზე ბანაკებში განათავსებენ. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავშესაფარს არ მისცემენ, თუ ის ერთხელ მაინც დაარღვევს კანონს, ან თუნდაც მოკლე ვადით დაბრუნდება სამშობლოში.
უცხოელებს, რომლებიც იტალიის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან, იტალიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ და ქვეყნიდან გააძევებენ.
პოლიციას ექნება უფლება, არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ ხისტი ძალა, მათ შორის ელექტროშოკი გამოიყენოს. ახალი დეკრეტი უფლებადამცველებმა მკაცრად გააკრიტიკეს.