იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაგვიანების გამო დასავლეთ ბალკანეთი, შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთისკენ მიტრიალდეს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მხარდაჭერას გამოხატავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში რეგიონის ქვეყნები, შესაძლოა, რუსეთისკენ ან ჩინეთისკენ შებრუნდნენ. ეს განცხადება ანტონიო ტაიანიმ ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის დროს გააკეთა.
„თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, გამოჩნდება ვინმე სხვა, ვინც ჩვენს შეცვლას გადაწყვეტს, ვგულისხმობ რუსეთს, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად, თურქეთსაც“, – განაცხადა მინისტრმა.
ანტონიო ტაიანის თქმით, იტალია აქტიურად მუშაობს, რათა ჩრდილოეთ მაკედონია რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან 2005 წლიდან. მათ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2022 წელს დაიწყეს.