იტალიის პრემიერი - პუტინი იზოლირებული იქნება, ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა მის წინააღმდეგაა გაერთიანებული
იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადებით, იტალია უკრაინაში რუსეთის შეჭრის „ბარბაროსობას“ სხვა მხრიდან არ შეხედავს.
აღნიშნულის შესახებ, მარიო დრაგიმ იტალიის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის შემდეგ განაცხადა.
მარიო დრაგის განცხადებით, მთავრობამ იტალიაში რუსი ოლიგარქების 800 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. მისი თქმით, რომს სურს, კიევი ევროკავშირში იხილოს და უკრაინაში სამხედრო, ასევე სხვა სახის დახმარების გაგზავნა დააანონსა.
ამასთან, იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ მალე ქვეყანა შეწყვეტს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას.
„მოსკოვს ჩვენი გახლეჩა სურდა, თუმცა ამის ნაცვლად ერთიანობა მიიღო და ვლადიმერ პუტინი იზოლირებული იქნება იქამდე, ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა მის წინააღმდეგ არის გაერთიანებული“, – განაცხადა მარიო დრაგიმ.
მარიო დრაგიმ მაღალი შეფასება მისცა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას და განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის იტალიის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვისაც.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა.