იტალიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სულ 46 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა
იტალიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სულ 46 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა

იტალიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სულ 46 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ტურინის სიახლოვეს, მთებში მდებარე პატარა სოფელ ინგრიაში წელს არჩევნები მწვავე კონკურენტულ გარემოში გაიმართება. ქალაქის მოქმედ მერს, იგორ დე სანტისს ამ პოსტის მეოთხედ დაკავება სურს. დე სანტისის ერთ-ერთი კონკურენტი დედამისიც იქნება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 42 წლის იგორ დე სანტისი 2009 წლიდან არის ინგრიას მერი. მისი მთავარი კონკურენტი 70 წლის რენატო პოლეტო იყო. თუმცა შემდეგ საარჩევნო მარათონში ჩაერთო მილანის მცხოვრები სტეფანო ვენუტი, რომელსაც მეორე სახლი ინგრიაში აქვს. ამას მოჰყვა პოლეტოს განცხადება, რომ მან მოქმედი მერის, დე სანტისის დედის, მილენა კროსასოს მხარდაჭერა მოიპოვა და, გამარჯვების შემთხვევაში, მას საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნავს.

ქალაქის მოქმედმა მერმა განაცხადა, რომ, დედამისის არჩევნებში ჩართვის მიუხედავად, ოჯახში ჰარმონია არ დაირღვევა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ყველაზე პატარა სოფელ ინგრიაში სულ 46 ადამიანი ცხოვრობს. ამას გარდა, ხმის მიცემის უფლება კიდევ 26 ადამიანს აქვს, რომლებიც უცხოეთიდან მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

ამასთან, საარჩევნო მარათონში კანდიდატად სოფლის 30 მკვიდრია დარეგისტრირებული.