იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი დაინიშნა
იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი დაინიშნა

იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი დაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის პრეზიდენტთან, სერჟიო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. იტალიის ახალი მთავრობა ფიცს 13 თებერვალს დადებს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მარიო დრაგიმ ახალი კაბინეტი ტექნოკრატებით და სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსებით შეავსო. იტალიის ეკონომიკის მინისტრი იტალიის ბანკის თავმჯდომარის მოადგილე, 67 წლის დანიელე ფრანკო იქნება, რომელიც ნახევარკუნძულზე სახელმწიფო ფინანსების საუკეთესო ექსპერტად მიიჩნევა. დრაგიმ ასევე გამოაცხადა ეკოლოგიური გადასვლისთვის „სუპერ სამინისტროს“ შექმნის შესახებ, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი, რობერტო ჩინგოლანი უხელმძღვანელებს. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრი, ლუიჯი დი მაიო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს. თანამდებობებს ასევე შეინარჩუნებენ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები.

იტალიის ახალი მთავრობის მთავარი მიმართულება ეკონომიკა იქნება. ევროზონის მესამე ეკონომიკას, საბერძნეთის შემდეგ, ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალი აქვს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 158 პროცენტს უტოლდება. მთავრობის პირველი ამოცანა იქნება, თუ როგორ დახარჯოს 209 მილიარდი ევრო, რომელსაც აღდგენის გეგმის ფარგლებში ევროკავშირისგან მიიღებს.