იტალიიდან დაბრუნებული მგზავრები სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს
იტალიიდან დაბრუნებული მგზავრები სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს

იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული მგზავრები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ორივე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს“, – აცხადებენ შსს-ში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გურამ დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრის პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს.

„იტალიიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ადგილზე გაიარეს თერმოსკრინინგის პროცედურა. ასევე, ეპიდემიოლოგების მიერ ადგილზევე შეივსო შესაბამისი დანართი“, – განაცხადა გურამ დავითაშვილმა.

იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები, ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონაში გაემგზავრებიან.

სახელმწიფოს დახმარებით, იტალიიდან, კერძოდ რომიდან, საქართველოში ორი თვითმფრინავით საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდა. გამოფრენამდე მათ შემოწმება ჩაუტარდათ და არც ერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი საქართველოში კვლავ გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც პრევენციის მიზნით, ყველა მათგანი 14-დღიან კარანტინში გადავა.