იტალიაში საშობაო და საახალწლო პერიოდში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება
იტალიაში საშობაო და საახალწლო პერიოდში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საშობაო და საახალწლო პერიოდში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მკაცრი შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, 31 დეკემბრიდან 3 იანვრამდე და 5-6 იანვარს იმოქმედებს. ამ პერიოდის განმავლობაში დაიხურება სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და ბარები. 22:00-დან 05:00 საათამდე ძალაში დარჩება კომენდანტის საათი.

მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა საგანგებო შემთხვევებში შეეძლებათ. თუმცა, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, დაშვებული იქნება ოჯახში ორი სტუმრის მიღება.

პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა.

„ჩვენი ექსპერტები სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულები, რომ შობის შემდგომ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ უნდა გვემოქმედა“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის 1.92 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 67 894 პაციენტი გარდაიცვალა. იტალია ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.