იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე ადგილობრივმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
იტალიაში საქართველოს 38 წლის მოქალაქე დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ვახტანგ ენუქიძე საავადმყოფოში, გორიციის პროვინციის ერთ-ერთი სადეპორტაციო ცენტრიდან გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა.
სადეპორტაციო ცენტრში მყოფი მიგრანტები და უფლებადამცველი აქტივისტები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეს ცენტრის დაცვის წევრებმა სცემეს და ის მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
იტალიური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ენუქიძემ სადეპორტაციო ცენტრში იჩხუბა. ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ, საქართველოს მოქალაქე წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.
გორიციის პროვინციის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.