იტალიაში საქართველოს მოქალაქის დაჭრის გამო, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს
რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქის დაჭრის გამო, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იტალიაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოითხოვა. როგორც იტალიური მედია წერს, მომხდარის შემდეგ მატეო სალვინიმ საგანგებო თათბირი გამართა.
შეგახსენებთ, რომ რომში მაროკოს 37 წლის მოქალაქემ საქართველოს 44 წლის მოქალაქე დანით დაჭრა. დაშავებულს დაზიანებები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც იტალიური მედია წერს, დაზარალებულმა მოქალაქემ პოლიციას უთხრა, რომ მაროკოელი მას ჯვარცმის გამოსახულებიანი ყელსაბამის გამო დაესხა თავს.
აღნიშნული ფაქტის გამო, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერორიზმის, ისლამური ექსტრემიზმისა და იმიგრაციის თემაზე საგანგებო სხდომა გამართა და იტალიის პრემიერ- მინისტრს მოუწოდა, ამ პრობლემების გადასაჭრელად დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები.
„ახალი ამბები, რომელიც გვესმის, ცხადყოფს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა 600 ათასი არალეგალი მიგრანტია, რომელთა სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერი კეთდება“, – განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.