იტალიის ქალაქ ბრუნეკში, რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნა. მესნერის მიწვევით ფესტივალს მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის სტუმრებისთვის სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე მოეწყო. ხალხური რეწვის ოსტატებმა ადგილზე დაამზადეს სვანური ქუდები, წარადგინეს სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია, გამართეს ლექცია ხეზე ჭრის ტრადიციის შესახებ და ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია, მათ შორის, სვანური მარილის. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“.
ქალაქ ბრუნეკში, რესტავრირებულ ციხესიმაგრეში განთავსებული მთის მუზეუმი რეინჰოლდ მესნერმა 2011 წელს გახსნა. რეინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც ევერესტი ჟანგბადის აპარატისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8 000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა. მესნერი პირველი ადამიანია, ვინც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო.
რეინჰოლდ მესნერი ახლახან საქართველოშიც იმყოფებოდა. ცნობილმა მთამსვლელმა მესტია მოინახულა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრის“ აშენებას აპირებს. მესნერმა აღნიშნა, რომ „კავკასიის მთის ცენტრი“ მისი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება. მესნერს სხვადასხვა ადგილზე მთის ხალხისა და თემატიკის ექვსი მუზეუმი აქვს გახსნილი.