იტალიაში მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, მონსუმანოს კომუნაში მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას 30 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც იტალიური მედია წერს, ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვას შეეცადა, რა დროსაც მაღაზიის გამყიდველმა შენიშნა. დამნაშავემ გაქცევა სცადა, თუმცა ის მაღაზიაში მყოფმა პოლიციელმა დააკავა.
როგორც გამოძიება აცხადებს, საქართველოს მოქალაქე ქურდობაზე მანამდეც იყო ნასამართლევი. ამას გარდა, მისი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვადაგასული აღმოჩნდა.
მოპარული ნივთები მაღაზიის მეპატრონეს დაუბრუნეს, დაკავებული კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.