იტალიაში გაიმართება „მთის ხალხის ფესტივალი“, რომელიც სვანეთს მიეძღვნება
იტალიის ქალაქ ბრუნეკში მდებარე მთის მუზეუმში დღეს „მთის ხალხის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალი სვანეთის კულტურას მიეძღვნება და რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში მის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ.
ფესტივალზე მოეწყობა სვანური ფოლკლორის საღამო, გამოიფინება ხელნაკეთი სუვენირები და სტუმრებს სვანური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
მესნერის მიწვევით ბრუნეკში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. ფესტივალში მონაწილეობს ქართული ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“.
ქალაქ ბრუნეკში, რესტავრირებულ ციხესიმაგრეში განთავსებული მთის მუზეუმი რეინჰოლდ მესნერმა 2011 წელს გახსნა.
რეინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც ევერესტი ჟანგბადის აპარატისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8 000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა. მესნერი პირველი ადამიანია, ვინც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო.
რეინჰოლდ მესნერი ახლახან საქართველოშიც იმყოფებოდა. ცნობილმა მთამსვლელმა მესტია მოინახულა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრის“ აშენებას აპირებს. მესნერმა აღნიშნა, რომ „კავკასიის მთის ცენტრი“ მისი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება. მესნერს სხვადასხვა ადგილზე მთის ხალხისა და თემატიკის ექვსი მუზეუმი აქვს გახსნილი.