იტალიამ რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მოქალაქეების გაძევება ჯაშუშურ სკანდალს უკავშირდება, რომლის დროსაც იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი იქნა დაკავებული.
იტალიის არმიის კაპიტანი რუსეთის სამხედრო პირებს სავარაუდოდ საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა.
ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„როდესაც რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა დაბარებული, ჩვენ გამოვხატეთ იტალიის მთავრობის მტკიცე პროტესტი და გადავეცით ინფორმაცია რუსეთის ორი ოფიციალური პირის გაძევებასთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ უკიდურესად სერიოზულ საქმეში. მადლობას ვუხდი დაზვერვის სამსახურს და ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.