იტალიამ ავღანეთიდან შესაძლოა, სამხედროები გაიყვანოს
იტალიამ ავღანეთიდან შესაძლოა, სამხედროები გაიყვანოს

იტალიამ ავღანეთიდან შესაძლოა, სამხედროები გაიყვანოს, – ამის შესახებ განცხადება იტალიის თავდაცვის მინისტრმა ელისაბედ ტრენტამ გააკეთა.

„17 წლის განმავლობაში ავღანეთში 54 იტალიელი სამხედრო დავკარგეთ. დავხარჯეთ 7 მილიარდი ევრო. ჩვენი კონტრიბუცია თვალსაჩინო იყო, ახლა სიტუაცია ვითარდება და მხარეები შეთანხმებისკენ მიემართებიან, ამას ჩვენ გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ტრენტამ იტალიურ გამოცემა „კორეირე დელა სერასთან“ (Corriere della Sera) ინტერვიუში.

მანამდე, იტალიურმა მედიამ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ იტალიის მთავრობა ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას აპირებს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში განაცხადა, რომ აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება.

ავღანეთში ამჟამად 900 იტალიელი ჯარისკაცი იმყოფება.